თურქეთის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ადანაში სოციალური ქსელების მეშვეობით არეულობებისკენ და ანტი სახელისუფლებო გამოსვლებისკენ მოწოდებების გამო 13 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" ავრცელებს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ საჯარო დაწესებულებების დარბევისა და კერძო ავტომობოლების დაზიანების შემცველი მოწოდებების გავრცელება და პოლიციაზე თავდასხმების პროპაგანდა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.