ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს.
განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და მასში ელიზბარაშვილი „ტვ იმედის“ თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს.
„ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო.
თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ „ლაივი" ვინც ნახა, ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ „ლაივში" პირდაპირ დავემუქრე „TV-იმედის" იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან "სხვაში" მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…
დიახ, საჯაროდ, ჩემი „ფეისბუქ" გვერდიდან დავემუქრე „TV-იმედის" შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.
მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება”, - ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.
თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.