ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს პოლიციის ქმედებები დემონსტრანტებთან მიმართებაში. ამის შესახებ სპეციალური განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ გააკეთა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვაგრძელებთ თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე თვალ-ყურის დევნებას. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ასევე, მშვიდობიან პროტესტს, რაც ნამდვილი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტები სათანადოდ გამოიძიოს", - განაცხადა ჯეი კარნიმ.
დემონსტრანტებთან მიმართებაში სამართალდამცავების ქმედებების გამოძიებისკენ ოფიციალურ ანკარას შეერთებულ შტატებთან ერთად ევროკავშირიც მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება. დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.