თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მომხრეებს მოუწოდებს, რომ მომავალ უქმეებზე ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის გამართვისთვის მოემზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
თურქეთში უკვე ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები თურქეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლება რიგითი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ერევა.
თურქეთის პრემიერი კი მიიჩნევს, რომ აქციები რადიკალური ჯგუფების მიერ იმართება და აცხადებს, რომ არ მოითმენს ძალადობასა და პროვოკაციებს და არ დაუშვებს ვინმემ გავლენა მოახდინოს თურქეთის ეკონომიკურ განვითარებაზე.
შეგახსენებთ, რომ დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. ასევე სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა და თურქეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი დემონსტრაციებშია ჩათრეული. მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები