სტამბულის ცენტრში, გეზის პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება. სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ამის შესახებ სტამბულის მერმა კადირ ტოპბაშმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ავაშენოთ სავაჭრო ცენტრი, სასტუმრო ან საცხოვრებელი სახლი", - განაცხადა მერმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის მერია უარს არ იტყვის ტაკსიმის მოედნის რეკონსტრუქციაზე, რასაც ხელისუფლებისგან დემონსტრანტები ითხოვენ - „დიდი ალბათობით მოედანზე მუზეუმი ან საგამოფენო ცენტრი განთავსდება".
კადირ ტოპბაშის განცხადებით, ტაკსიმის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შედგება. მისივე თქმით, ნებისმიერ დამტკიცებულ პროექტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ყაზარმების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში მიმდინარე დემონსტრაციები იმის გამო დაიწყო, რომ ხელისუფლება ტაკსიმის მოედანთან გეზის პარკის გაჩეხვასა და იქ სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავდა. პარკის დასაცავად ორგანიზებული ეკოლოგიური აქცია ანტი სახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა. სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლას მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები