თურქეთის პოლიციამ ანკარაში მიმდინარე საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ანკარაში, კიზილაის მოედანზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში 5 ათასზე მეტი მანიფესტანტი მონაწილეობდა.
დემონსტრანტები ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, რის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს თურქეთის პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, რომელიც მოსახლეობას საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ათ დღეზე მეტია გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო. მოგვიანებით, პარკის დასაცავი მშვიდობიანი აქცია ანტი სახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა. სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლას მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები