ნობელის პრემიის ლაურიატმა ლიტერატურის დარგში, თურქმა მწერალმა ორჰან ფამუქმა, რომელიც თურქეთში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე დიდი ტირაჟით იყიდება, მხარი დაუჭირა თანამემამულე მანიფესტანტებს, რომლებიც უკვე ათ დღეზე მეტია თურქეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავენ. მწერალმა ინტერვიუ იტალიელ ჟურნალისტებს მისცა.
„ყველას, ვინც სტამბულში ცხოვრობს, ტაკსიმის მოედანთან დაუვიწყარი მოგონებები აკავშირებს. მე მესმის ამ ხალხის, მე მესმის დემონსტრანტების მძვინვარების. მათი მთელ მსოფლიოს ესმის. თურქეთში მნიშვნელოვანი რამეები ხდება და მე ისინი მაღელვებს. მე მაღელვებს თურქეთის მომავალი. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც გადაწყვიტა გაეჩეხა ხეები ასეთ მნიშვნელოვან ადგილას რათა აეშენბინა სავაჭრო ცენტრი, დიდი შეცდომა დაუშვა", - აღნიშნა ორჰან ფამუქმა.
მწერლის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, რბილად იმოქმედოს და კონკრეტულ რეზულტატს მიაღწიოს. ფამუქის თქმით, ერთადერთი რაც ყველას უნდა, ტაკსიმის მოედნის გადარჩენაა. „მე მინახავს ამ მოედანზე კონსერვატორები, ნაციონალისტები, სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები, სამხედროები. ვიმედოვნებ, რომ ამჯერადაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება", - აღნიშნა მწერალმა, რომელსაც 2005 წელს თურქეთის ხელისუფლებამ უჩივლა კრიტიკული განცხადებებისთვის. მაშინ ფამუქმა თურქეთი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით ხელისუფლებამ საჩივარი უკან გაიტანა.
ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბულში დაიბადა. 2006 წელს მწერალი გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი ლიტერატურის დარგში. მისი რომანები მსოფლიოს 40 ენაზეა ნათარგმნი.
მასალის გამოყენების პირობები