გუშინ, ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის წევრი ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ქვეყნის აღმოსავლეთით ავღანეთის არმიის ფორმაში გამოწყობილმა კურსანტმა ცეცხლი გაუხსნა კოალიციის წევრებს, რის შედეგადაც 3 ამერიკელი ინსტრუქტორი დაიღუპა და კიდევ 3 დაიჭრა. გარდა ამისა, ქვეყნის დასავლეთით მოკლული იქნა იტალიელი სამხედრო მოსამსახურე.
საერთაშორისო კოალიციის მეთაურობამ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პროვინცია პაკტიკაში პაკისტანის საზღვართან პირმა, რომელსაც ავღანეთის არმიის ფორმა ეცვა, ცეცხლი გაუხსნა კოალიციის წევრებს, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო სპეციალისტი დაიღუპა.
პროვინცია პაკტიკას გუბერნატორის ადმინისტრაცია ინციდენტთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავღანეთის არმიის სამხედრო ბაზა ჰარ-კოტზე ერთ-ერთ ავღანელ კურსანტსა და ამერიკელ ინსტრუქტორებს შორის, რომლებიც მას წვრთნიდნენ, შელაპარაკება მოხდა. კამათის დროს ავღანელმა კურსანტმა ცეცხლი გაუხსნა ინსტრუქტორებს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი დაიჭრა. თავად კურსანტი საპასუხო სროლის შედეგად დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა კოალიციის წევრები ავღანეთის არმიის ფორმაში გამოწყობილი ადამიანებისგან იხოცებიან. ასეთი ინციდენტების შედეგად, რასაც საერთაშორისო კოალიცია „ინსაიდერების შეტევებად" მოიხსენიებს, წელს 9 ადამიანი გარდაიცვალა - 8 სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო სპეციალისტი.
მასალის გამოყენების პირობები