ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ცზინპინი ერთმანეთს ორდღიანი არაფორმალური სამიტით კალიფორნიაში კერძო მამულში ხვდებიან. ინფორმაცია ამერიკისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს. ობამა და ცზინპინი სამიტის ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრებენ.
„ჩვენი გადაწყვეტილება ასეთი შეხვედრის გამართვის თაობაზე უკვე ახლა ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნა შეხვედრის დაწყების წინ ბარაკ ობამამ და დაამატა, რომ მოლაპარაკებების დროს საუბარი ძირითად შეეხება წყნარი ოკეანის სივრცის საკითხს, კიბერჯაშუშობის თემასა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას.
„მეც და ჩემი კოლეგაც განწყობილი ვართ ახალი მონახაზის შესაქმნელად. მონახაზისთვის, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს", - აღნიშნა, თავის მხრივ, სი ცზინპინმა.
ესაა პირველი შეხვედრა ბარაკ ობამასა და სი ცზინპინს შორის მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერად აირჩიეს.