უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თურქეთში არცერთი შეტაკება აღარ მომხდარა. ამ დრომდე დემონსტრანტები ქუჩებს არ ტოვებენ, თუმცა სიტუაცია მშვიდი და სტაბილურია. ქუჩებში კარვებია გაშლილი, ხოლო მანიფესტანტები უბრალოდ კითხულობენ ან კონცერტებს ატარებენ. სტამბულის საპროტესტო აქციებს უკვე სამი დღეა ანკარაც შეუერთდება. დემონსტრანტების თქმით, ისინი ქუჩებს არ დატოვებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ არ მოუსმენს და არ გაიგებს მათ მოთხოვნებს.
„ჩვენ გვჯეროდა, რომ როდესაც ერდოღანი აფრიკიდან დაბრუნდებოდა, ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებდა, რითიც დააფიქსირებდა, რომ ჩვენი გაიგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ამიტომაც პროტესტი არ შეწყდება. ხალხი იქნება ქუჩაში, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ მოისმენენ და გაითვალისწინებენ", - აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ბი-ბი-სის კორესპონდენტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ათ დღეზე მეტია გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო. მოგვიანებით, პარკის დასაცავი მშვიდობიანი აქცია ანტი სახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა. სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლას მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.