არაბული სახელმწიფოების ლიგა მკაცრად აკრიტიკებს სირიაში ინტერვენციის ნებისმიერ ფორმას, განსაკუთრებით კი ლიბანური რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას" მიერ ოფიციალური დამასკოსთვის გაწეულს სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ალ-არაბიმ ქაიროში მიმდინარე საგანგებო შეხვედრაზე გააკეთა.
„ლიგა გმობს ყველანაირი ფორმის საგარეო ჩარევას სირიის შიდა საქმეებში და განსაკუთრებით „ჰეზბოლას" მიერ ქვეყნის ხელისუფლებისთვის გაწეულ დახმარებას ოპოზიციურ ძალებთან მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების პროცესებში", - აღნიშნა ალ-არაბიმ ლიგის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
არაბული სახელმწიფოების ლიგა წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების დონეზე საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა, რათა მოახდინოს ერთიანი პოზიციის ფორმირება სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრის მიზნით ჟენევაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციისთვის.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესის დაწყების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კონფერენციის მოწვევაზე შეთანხმდნენ.
სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები