თურქეთში, სტამბულის ტაქსიმის მოედანზე მანიფესტანტების დიდმა ნაკადმა შეკრება გუშინ საღამოდან დაიწყო. სტამბულის ათობით ათასი მცხოვრები ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს. საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
დემონსტრანტების დიდი ძალებით ხელახალი გააქტიურება გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი დემონსტრანტი, რომელიც პოლიციასთან შეტაკებების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა. საპროტესტო აქციის მონაწილეები გმობენ პოლიციის ქმედებებს და აცხადებენ, რომ მათი დემონტრაციები არ შეწყდება, ვიდრე უმკაცრესად არ დაისჯებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ათი დღეა გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო. მოგვიანებით, პარკის დასაცავი მშვიდობიანი აქცია ანტი სახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა. სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლას მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები