თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ქალაქ იზმირში დააკავეს 25 ადამიანი, რომლებიც პოლიციის განცხადებით, სოციალურ ქსელის Twitter ბლოგის მეშვეობით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ინფორმაციას სააგენტო პრეს ტივი ავრცელებს.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა მათგანი დაკავებულია მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებდნენ. ოპოზიციისვე მტკიცებით, სამართალდამცავები სხვა ბლოგერებსაც ეძებენ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უკვე უწოდა სოციალურ ქსელებს უსიამოვნებების წყარო. მისი თქმით, სოციალურ ქსელებს მომხმარებლების უმრავლესობა სიცრუის გასავრცელებლად და ანტი სახელისუფლებო განწყობის შესაქმნელად იყენებს. ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები სოციალური ქსელების მეშვეობით ახდენენ პროტესტის კოორდინაციას, გეგმავენ შეკრების ადგილებს და ატყობინებენ ერთმანეთს პოლიციის ადგილმდებარეობას და იმ ადგილებს, სადაც სამართალდამცავები ცრემლსადენ აირსა და წყლის ჭავლებს იყენებენ.
თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები თურქეთში არ წყდება.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო. მოგვიანებით, პარკის დასაცავი მშვიდი აქცია ანტი სახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა. სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლას მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.