სირიის სახელისუფლებო შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი აღადგინეს ქალაქ კრუსეირზე, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს და ოპოზიციური ძლების მთავარ დასაყრდენად მიიჩნეოდა ლიბანის საზღვარზე.
ინფორმაცია ქალაქ კრუსეირისა და მთლიანად რეგიონის კონტროლის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გავრცელდა. „ჩვენი შეიარაღებული ძალები დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და საბოლოოდ სრული კონტროლი დააწესეს რეგიონზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კრუსეირისთვის ბრძოლა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეგიონის კონტროლი სირიასა და ლიბანს შორის საკვანძო კავშირის პუნქტების კონტროლის საშუალებას იძლევა.
განცდილი მარცხი ოპოზიციამ სოციალური ქსელის მეშვეობით აღიარა. „სამწუხაროდ, ამ რაუნდში დავმარცხდით. სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგის მასშტაბური არსენალისა და „ჰეზბოლას" მოევიკების მხარდაჭერისა, ათობით მამაცმა მეომარმა მაინც მოახერხა და კორიდორი შექმნა, რითაც ქალაქის დატოვების საშუალება მისცა მეგობრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას", - ნათქვამია ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის ორ წელიწადზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათათსზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.