კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანას დიდი სურვილი აქვს ნატოსთან ითანამშრომლოს. კოლუმბია არ ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ, როგორც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა და ასევე ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნული თანამშრომლობის პირობებში, კოლუმბიის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ძალების დაშვებას კატეგორიულად გამორიცხავს.
„კოლუმბია არ აცხადებს პრეტენზიას ნატოს წევრობაზე. ჩვენ გვსურს ალიანსთან თანამშრომლობა, რათა წევრ ქვეყნებთან გვქონდეს ახლო ურთიერთობა და შევძლოთ გამოცდილების გაზიარება. ეს ყველაფერი კოლუმბიას დაეხმარება შეიარაღებული ძალების კვალიფიკაცია ახალ საფეხურზე აიყვანოს", - ნათქვამია ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს კოლუმბიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს საშუალება ეძლეოდათ კოლუმბიის სამხედრო ობიექტებით ესარგებლათ. მოგვიანებით კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შეთანხმება ფაქტობრივად გააუქმა, თუმცა საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული კოლუმბია ამერიკის უმთავრეს პარტნიორად რჩება რეგიონში.
მასალის გამოყენების პირობები