სუდანში ავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეტაკების შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა და ათეულობით მძიმედ დაშავდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.
ავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალზე შეეჯახა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, 38 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაზარალებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ავტო საგზაო შემთხვევები სუდანში საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონაწილეობით, რაც ძირითადად მართვის დაბალი კულტურითაა განპირობებული. გასული წლის მიწურულს ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც სუდანის დედაქალაქ ჰარტუმსა და ქალაქ ვად-მედანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა, 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები