დღეს, სტამბულში თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირი KESK საერთო სახალხო გაფიცვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. პროფკავშირები ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას გმობენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, სტამბულში ყველაზე სასტიკი შეტაკებების ღამის შემდეგ, თანამოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა მაცხოვრებლებს მონაწილეობა არ მიიღონ საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც, მისი თქმით, ექსტრემისტების მიერ არის მოწყობილი.
ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციებში მონაწილეთა და პოლიციის შეტაკება სტამბულსა თურქეთის სხვა ქალაქებში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. მეჩეთები და მაღაზიები დროებით გადაქცეულია სამედიცინო პუნქტებად, სადაც დაჭრილებს ეხმარებიან.
ხელისუფლების მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთის 67 ქალაქში 1700-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.
საპროტესტო აქცია ხელისუფლების გეგმების გამო დაიწყო, რომლებიც სტამბულის ცენტრში გეზის პარკის განადგურებასა და მის ადგილზე სავაჭრო-გასართობი კომპლექსის აგებას აპირებდდნენ.
თავდაპირველად ეს ეკოლოგების მშვიდობიანი აქცია იყო, თუმცა იგი მალევე გადაიზარდა თურქეთის პრემიერისა და მმართველი პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილო აქციაში.
მასალის გამოყენების პირობები