ამერიკის შეერთებული შტატები იორდანიაში Patriot სარაკეტო კომპლექსებს და f-16 გამანადგურებლებს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.
„სარაკეტო კომპლექსები და გამანადგურებლები გამოყენებული იქნება ამერიკისა და იორდანიის ერთობლივ საწვრთნელ პროცესში, რის შემდეგაც, იორდანიის მხრიდან შესაბამის თხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, ტექნიკის ნაწილი ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩეს", - ნათქვამია პენტაგონის მირ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტისგან გამოწვეული საფრთხის ფონზე, შეიარაღება გაზრდის იორდანიის თავდაცვით პოტენციალს.
ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, შეერთებული შტატები სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევისთვის ემზადება. 2013 წლის იანვარში იგივე შეიარაღება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთშიც გააგზავნა, რომელიც ასევე სირიის მოსაზღვრე ქვეყანაა. იორდანიაში გაგზავნილი და ქვეყანაში დასატოვებელი შეიარაღების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, 80 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.