ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია რადიკალურ ისლამს წინ უნდა აღუდგნენ. ასეთი განცხადება ამერიკის კონგრესმენმა დანა რორაბაჰერმა მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა.
რორაბაჰერი ხელმძღვანელობს დელეგაციას, რომელიც ძმები ცარნაევებისა და მათი კავკასიაში გატარებული პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ამერიკისა და რუსეთის სპეციალური სამსახურების ერთობლივი მუშაობით ადვილი შესაძლებელია, რომ ბოსტონში განხორციელებული ტერორისტული აქტის თავიდან აცილება მომხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპასა და აზიაში ანტიისლამისტური განწყობის ზრდის მაღალ ტემპებს რელიგიური თავისებურებების შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშშიც გამოეხმაურა.
ანგარიშში განსაკუთრებით საგანგაშოდ მიჩნეულია სიტუაცია ჩინეთში, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბირმაში. ანგარიში ავტორები, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ანტისემიტისტური განწყობის ზრდაზე ეგვიპტეში, ირანსა და ვენესუელაში.