გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს დროებით შეწყვიტონ ცეცხლი ქალაქ კრუსეირში, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქის დატოვება შეძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ქალაქ კრუსეირისთვის ბრძოლა უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი და მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გაეროს განცხადებით, სირიის კონფლიქტის ორივე მხარე მიჩნეული იქნება დამნაშავედ და აგებს შესაბამის პასუხს თუ ქალაქისთვის ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.