,,მთავრობამ რუსეთს მკაცრი გაფრთხილება უნდა მისცეს", _განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან" საუბარში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადების კომენტირებისას.
,,მანამდე სანამ საქართველოს არ ექნება მყარი უსაფრთხოების გარანტიები ისეთი როგორიც არის საქართველოს წევრობა კოლექტიურ უსაფრთხო ორგანიზაციებში, ნატოში ამ შემთხვევაში მანამადე ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის აგრესიის არის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართვა პროცესში, მათი ინფორმირება. როდესაც ასეთი ღია აგრესიული ქმედებები ხორციელდება ჩვენს ტერიტორიაზე ამისათვის საჭიროა ხელისუფლებამ, მთავრობამ გაატაროს ყველა ღონისძიება იმისათვის რათა ეს იყოს აღკვეთილი და მკაცრი გაფრთხილება მიეცეს რუსეთს", _განაცხადა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლი კარასინის განაცხადებით მის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დროს რუსი მესაზღვრეების ქმედებები ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით არ განიხილება. როგორც კარასინი ,,რიანოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს ყველაფერი რასაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი მესაზღვრეები აკეთებენ ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი მითითებით ხდება, რადგან ისინი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ორმხრივი სახელმწიფოს შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან.