ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ემბარგოს გაუქმების საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ემბარგოს მოხსნა საშუალებას მისცემს რიგ ქვეყნებს, სურვილის შემთხვევაში, აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინონ სირიელ მეამბოხეებს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, სირიისთვის სარაკეტო კომპლექტების C-300 მიწოდების თაობაზე. მოსკოვის განცხადებით, სარაკეტო კომპლექტები დაეხმარება ოფიციალურ დამასკოს, თავიდან აირიდოს საგარეო ინტერვენცია.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ დრომდეც აქტიურად უჭრდა მხარს სირიის ოპოზიციას, თუმცა ქვეყანაში იარაღი არასდროს შეუტანია.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სირიაში და კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 1,5 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.