ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძლიერი ტორნადოს შედეგად დაზარალებულ ოკლაჰომას შტატს მოინახულებს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა.
„პრეზიდენტი ოკლაჰომას 26 მაისს ეწვევა. ბარაკ ობამა შეხვდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და იმ ხალხს, ვინც ტორნადოს შედეგების ლიკვიდირების სამუშაობში იღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ჯეი კარნიმ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უკვე გასცა განკარგულება შტატის ადგილობრივ ხელისუფლებას გაეწიოს ყველა სახის საჭირო დახმარება.
შეგახსენებთ, რომ ტორნადო, რომელიც ოკლაჰომას დაატყდა თავს შეესაბამება ფუჯიტის შკალის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. ქარის სიჩქარემ ქალაქ მურთან 337 კმ/სთ-ს მიაღწია. ტორნადოს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სრულადაა დანგრეული ქალაქ ოკაჰომას რამდენიმე რაიონი. სტიქიას ვერ გაუძლო ერთ-ერთმა სკოლამაც, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ.