მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე ალაპარაკდნენ. როგორც დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ, სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ და გაზრდილი კონკურენციის ფონზე შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთმა დაიკლოს.
„საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ეს ახალი რეგულაციები საკმაოდ გაამწვავებს ამ კონკურენციებს. რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ სარგებელს მისცემს ბაზარს და მომხმარებლებს. რაც თავის მხრივ დადებითი მომენტია. არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული ორგანიზაციები გარკვეულ მარკეტინგულ აქციებსაც გეგმავდნენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესებს შეთავაზებებს და უფრო უკეთეს სასესხო შეთავაზებებს გააჩენს ბაზარზე.
შეხვედრა ძირითადად გარკვეულ საკანონმდებლო საკითხებს შეეხებოდა. არსებობს მოსაზრებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რეგულირება. და როგორ შემცირდეს რეგულირების ტვირთი. თავის მხრივ კი ეს გაამარტივებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირებას და მათ წვდომას ფინანსურ რესურსებზე და საბოლოო ჯამში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს, რომ დაიწიოს საპროცენტო განაკვეთებმა ჩვენს სექტორში. ეს არის კონკურენციის ერთ-ერთი მიზანიც, რომ სექტორში საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს. ჩვენ ვსაქმიანობთ რეგიონებში, მცირე ქალაქებში, სოფლებში და გავცემთ ძალიან მცირე რაოდენობით სესხებს. ამიტომ ამ ყველაფრის მომსახურება საკმაოდ ძვირია, რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასებზე"- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
მისივე განმარტებით, სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მარალ საგადასახადო ტვირთზეც გაამახვილეს ყურადღება.
„საგადასახადო ტვირთის მოსხნა სექტორზე რადგანაც ჩვენ გაცილებით მეტი საგადასახადო ტვირთი გვაქვს ვიდრე სხვა ფინანსური საგადასახადო ტვირთი გაგვაჩნია"- განაცხადა ბაკურაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოს არასაბანკო სექტორი 63 მიკროსაფინასო ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ამ ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკისათვის, ვინაიდან სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხდის ხელმისაწვდომს საკრედიტო სახსრებს, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას უწყობს ხელს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება. კანონმდებლობითაა განსაზღვრული ერთ კლიენტზე გასაცემი სესხების და სხვა იურიდიული პირების კაპიტალში მათი მონაწილეობის ჯამური ოდენობა, ასევე დადგენილია მინიმალური კაპიტალის მოცულობა.