საქართველოს რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატ ზვიად სიჭინავასთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერად თვლიან.
ამის შესახებ რეგიონალური ფედერაციის პირველმა პირებმა "მსოფლიო სპორტთან" საუბარში, ჭადრაკის სასახლეში განთავსებულ სიჭინავას საარჩევნო შტაბში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. რეგიონალურ ფედერაციებს თუ რაიმე გასაჭირი გვაქვს პრეზიდენტობის კანდიდატს ყველაფერი ვუთხარით. საუბარი პირველყოვლისა რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურას შეეხო. იმედია, ერთიანი ძალისხმევით არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ" - განაცხადა სამხრეთ ოსეთის რეგიონალური ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სერგო გაბელაიამ.
"საუბარი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბავშვთა ფეხბურთში არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე წარიმართა. გარდა ამისა, სიჭინავას თხოვნა იყო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყველა რეგიონის ხელმძღვანელმა არსებული პრობლემების ნუსხა წარუდგინოს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებას ფეხბურთის დახმარების სურვილი ექნება. აფხაზეთის ფედერაცია მხარს სიჭინავას დაუჭერს, ვინაიდან ამ ადამიანის პროგრამა ძალიან რეალურია. ვფიქრობ, ის რეგიონალური ფედერაციებიც მიიღებენ კუთვნილ ფულს, რომელიც 2-3 წლის განმავლობაში არ მიუღიათ" - აღნიშნა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ.
"რაც სიჭინავამ საქართველოში სამი წლის განმავლობაში ფეხბურთისთვის გააკეთა, მაფიქრებინებს, რომ ფედერაციაში მისი მოსვლის შემთხვევაში, წინსვლა აუცილებლად იქნება. როგორც იტყვიან - "საქმემა შენმა წარმოგაჩინოს" - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ, რომლის უწყება მომავალ არჩევნებში სიჭინავას კანდიდატურის ერთ-ერთი წარმდგენია.
სიჭინავას აზრით, მისი არჩევის შემთხვევაში რეგიონალური ფედერაციები ადგილზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახე უნდა იყვნენ:
"როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა ფიფა-უეფაში ქართული ფეხბურთის სახე, ასევე, უნდა იყვნენ ადგილობრივი ფედერაციები რეგიონში ჩვენი სახე. დღევანდელ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შიდა ჩემპიონატზე, ბავშვთა ფეხბურთზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე იყო საუბარი. 3 წელია ქართულ ფეხბურთში ვმოღვაწეობ და ამ საკითხებში კარგად ვარ ჩახედული. ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს საერთო მყარი სტრუქტურა და დავიწყოთ მუშაობა".
13 რეგიონალური ფედერაციიდან, ჭადრაკის სასახლეში მხოლოდ ათი მათგანის წარმომადგენელი იმყოფებოდა. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციების ხელმძღვანელებმა, შესაბამისად - გოჩა როსტომაშვილმა და გია შარაბიძემ თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლეს. რაც შეეხება თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გრიგოლა ცაავას, ეს უკანასკნელი ჭადრაკის სასახლეში არ მიუწვევიათ და სიჭინავა მას პირადად შეხვდა.
შეხვედრას შემდეგი რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ:
ელდარ ხალვაში (აჭარა, პრეზიდენტი), მურად ანჯაფარიძე (აფხაზეთი, პრეზიდენტი), სერგო გაბელაია (სამხრეთ ოსეთი, გენერალური მდივანი), ვალერი მანაგაძე (იმერეთი, პრეზიდენტი), დურმიშხან ჩხაიძე (გურია, პრეზიდენტი), სერგო კვარაცხელია (სამეგრელო-ზემო სვანეთი, პრეზიდენტი), ვიტალი გრძელიშვილი (მცხეთა-მთიანეთი, პრეზიდენტი), ლაშა მინდელი (ქვემო ქართლი, პრეზიდენტი), გია რევაზიშვილი (შიდა ქართლი, პრეზიდენტი), ტარიელ ხაჩიძე (სამცხე-ჯავახეთი, პრეზიდენტი).
სიჭინავასთან ერთად რეგიონალურ ფედერაციებთან შეხვედრას, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია და გია ფირცხალავა დაესწრნენ, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი.
მასალის გამოყენების პირობები