გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალების მიერ აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევით, მათზე ძალადობითა და დაკავებებით დასრულდა.
შსს-ს ცნობით, დაკავებულია 107 მოქალაქე.
პოლიციელებმა შეკრებილებს სცემეს და რუსთაველის მეტრომდე სდიეს. შეყვნენ მეტროშიც.
დემონსტრანტთა დარბევისა და მათი ნაწილის ძალადობრივად დაკავების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, - რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, - „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.
გამთენიისას, 06:15 საათისთვის, „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ის თანამშრომლებმა დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს.
ძალოვნები აქციის დაშლისთვის ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
პერმანენტულად სპეცრაზმელები აკავებდნენ და ძალადობდნენ დემონსტრანტებზე. აქციის გაშუქების დროს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე ჟურნალისტსაც.
უკვე მეორე ღამეა, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.