სახელმწიფო არ შეიძლება ყველაფერში "ბიზნესმენი" იყოს, - აცხადებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე. ევგენიძის განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტი მთავრობის წინასაარჩევნო დაპირებებს ასახავს, რაც მთლიანი ბიუჯეტის 44 %-ს შეადგენს.
"რ ათქმა უნდა მთავრობას შეუძლია მოსახლეობას ყველაფერს დაპირდეს. უბრალოდ დაპირებები უნდა იყოს რეალობაში იმ რესურსთან, რაც საქართველოს ამ ეტაპზე გააჩნია. თუ მომავალში ზრდა უზრუნველყოფილი იქნება და თუ ჩვენი ქვეყნის შემოსავლები გაიზრდება, შეიცვლება უარყოფითი სავაჭრო სალდო და მოხდება ფისკალური დისბალანსის დასტაბილურება ამის შემდეგ ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა მოახდინოს კერძო სექტორმა. ანუ სახელმწიფო არ შეიძლება ყველაფერში "ბიზნესმენი" იყოს. სახელმწიფომ, გარემო უნდა შექმნას იმისათვის რომ თავად მოახერხოს ბიზნესმა სამუშაო ადგილების შექმნა"- აცხადებს ნინო ევგენიძე.
როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში აცხადებენ, პრობლემად რჩება ის, რომ 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯი არის გაზრდილი და ის მთლიანი ბიუჯეტის ხარჯების 44 %-ს შეადგენს.
"ვფიქრობთ, რომ მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტი მაინც უნდა დაგეგმოს ისე, რომ ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს ეკონომიკურ ზრდაზე. რადგანაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი მთავარი მესიჯი და რეკომენდაცია გახლავთ. რომ მხოლოდ ეკონომიკური ზრდის გზით მიიღწევა სოციალური უთანასწორობის დაძლევა და არა პირიქით. უთანასწორობის დაძლევის გზით ეკონომიკური ზრდა არ მიიღწევა" აცხადებს ნინო ევგენიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ღია საზოგადოება საქართველოსა" და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის - "საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა - 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები" - პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური გამოწვევა კვლავ მუდმივად მაღალი - მიმდინარე ანგარიშის და ფისკალური დეფიციტია. 2012 წლის მონაცემებით, კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ს 2,9 % შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ძირითადი მიზეზი უარყოფითი სავაჭრო ბალანსია, რომელმაც 2012 წელს მშპ-ს 25 % შეადგინა.