პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" პრეზიდენტ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ,,დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის განცხადება სრულიად არასერიოზულია.
,,მან გააკეთა პოლიტიკური განცხადება და სერიოზული ბრალდება წაგვიყენა - დაგვადანაშაულა კოლაბორაციონიზმში. ეს რომ არ იყოს სააკაშვილისგან, რბილად რომ ვთქვათ, მეწყინებოდა. თეზისები რომლებიც მან უარში ჩამოაყალიბა, არასერიოზული და უსაფუძვლოა", - განაცხადა ყოლბაიამ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელია.
„ამით არ უნდა ხელმძღვანელობდეს ქვეყნის პირველი პირი. მან პოლიტიკური ალღოც დაკარგა", - ამბობს ყოლბაია. მისი განცხადებით ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრობა ხელს არ უშლის მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში და მათგან მხარდაჭერა აქვს.
,,სააკაშვილის წინააღმდეგ პარტია საჩივარს შეიტანს სასამართლოში მის ამ განცხადებაზე. კოლაბორაციონიზმში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა, რასაც მყარი არგუმენტები სჭირდება. ამ არგუმენტების არარსებობის შემთხვევაში, მან პასუხი უნდა აგოს. სააკაშვილს დავადანაშაულებთ იმაში, რომ მან გაუსაძლისი პირობები შექმნა კონფლიქტის მოგვარების გზაზე", - განაცხადა ყოლბაიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ არ დაამტკიცა. ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას სახელზე მიწერილ ოფიციალური წერილშია აღნიშნული, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. პრეზიდენტის წერილს ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"პირველ რიგში, მინდა პატივისცემა გამოვხატო პირადად თქვენი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ. ამ ორგანოს არსებობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისათვის მრავალი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას ყოველი ჩვენგანის უმნიშვნელოვანესი მიზნის, აფხაზეთის დეოკუპაციის მისაღწევად. თქვენ ჩვენი სამშობლოსათვის საჭირო საქმეს ემსახურებით და სწორედ ამიტომ, ისტორიის ამ მომენტში ყველას გვმართებს მოვიქცეთ ფრთხილად. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს პოზიციას თქვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატთან მიმართებით: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატი ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იქცა აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად.
ეს ჯგუფი, როგორც ცნობილია, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში და არაერთხელ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი დარტყმის ქვეშ, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი თანამშრომლობით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ. ახლა საქართველოს განსაკუთრებით, დევნილებს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში სჭირდებათ არა კოლაბორაციონისტები, არამედ საქართველოს დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის მყარი დამცველები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანდიდატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონლად მიმაჩნია", - აღნიშნულია წერილში.