საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ვიზიტად მყოფი სლოვაკეთის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმში. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის საინვესტიციო გარემო, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. დელეგაციაში შემადგენლობაში იყვნენ როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები, ისე ბიზნესმენები და რაც აღსანიშნავია, სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და სურვილი დაიწყონ ახალი პროექტები, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ტურიზმს. იმედი მაქვს, რომ სლოვაკეთი იქნება ერთ-ერთი პირველი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, რომელიც საქართველოში სერიოზულ ინვესტიციებს განახორციელებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„საქართველოსთან ამჟამად 13 კომპანია თანამშრომლობს და აქვს ბიზნეს-ინტერესები, თუმცა არის კიდევ ბევრი სხვა კომპანია, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით. ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა ვითარდებოდეს არა მხოლოდ კერძო სექტორში, არამედ სამთავრობო წრეებს შორისაც. ქართულ მხარესთან ვმუშაობთ კანონმდებლობის სრულყოფაზე, რაც მომავალში საშუალებას მოგვცემს გაძლიერდეს ორმხრივი ინვესტიციების დაცვა ჩვენს ქვეყნებში," - განაცხადა სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა პავოლ სობირკამ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.