დეფლაციური პროცესი გრძელვადიან პერიოდში არასასურველია, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე აკეთებს. ლექვინაძის განმარტებით, საქართველოში ბოლო თვეებში ფიქსირდება დეფლაცია, რაც ნიშნავს ფასების კლების პროცესს.
"ვფიქრობ დეფლაციურ პროცესებს აქვს ორი ძირითადი მიზეზი, გარკვეული ტიპის პროდუქტებზე ფასები რაელურად არის შემცირებული, მსოფლიო ფასები მარცვლეულზე კვების პროდუქტებზე და საწვავზე არის სტაბილური და შესაბამისად მათი გავლენა მინიმალურია.
მეორე ფაქტორი არის არჩევნების შემდეგ შემცირებული სამომხმარებლო აქტივობა, თუმცა ეს პროცესი ბოლო პერიოდში პოზიტიურად იზრდება.
გასულ წელთან შედარებით ფასები შემცირებულია შაქარზე, თევზეულზე, ზეთზე, ხილზე და ბოსტნეულზე, ელექტროენერგიაზე, ტანსაცმელზე გაზრდილი კონკურენციის გამო"- განმარტავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირაკლი ლექვინაძე.
მისივე განმარტებით, დეფლაციური პროცესი გრძელვადიან პერიოდში არასასურველია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები უფრო ნაკლებ თანხას ხარჯავენ, მოთხოვნა შემცირებულია და რაც თავის მხრივ, ბიზნესის განვითარებაზე, მათ შემოსავლებსა და დასაქმებაზე აისახება.
"დეფლაციის პირობებში სამომხმარებლო აქტივობის ზრდის მიზნით ეროვნული ბანკი ახორციელებს იაფი ფულის პოლიტიკას, აიაფებს კაპიტალს რადგან უფრო მეტი სტიმული მისცემ მიმოქცევაში უფრო მეტი ფული გავიდეს და აქტივობა, სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი კაპიტალზე, რაც სრულიად ადექვატური ქმედებაა არსებულ სიტუაციაში", - განმარტავს ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მარტში 2012 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -2,1 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციითვე, 2013 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა.