დღეს, 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მართავს საზეიმო მიღებას "დამსახურებული მასწავლებლის'' წოდების მინიჭების დამადასტურებელი სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით.
სახელოვნებო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მათ შორის ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებში მოპოვებული წარმატებისთვის მასწავლებელთა წახალისების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის 320-ე ბრძანებულებით, საქართველოს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთათვის დაწესდა წოდება "დამსახურებული მასწავლებელი'', წოდების მინიჭების დამადასტურებელი სპეციალური სიგელი და ერთჯერადი ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით.
პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკოლოზ რურუას 2009 წლის 25 სექტემბრის # 2/403 ბრძანებით, "დამსახურებული მასწავლებლის'' წოდება მიენიჭა შემდეგ პედაგოგებს: ზ. ფალიაშვილის სახელობის 1-ლი ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლიდან: ლალი სანიკიძეს, მარინე გელაშვილს, დარეჯან ცინცაძეს, ვერა სვანიძეს, დიანა მელაძეს, ვიქტორია ვოსკანოვას; მე-2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლიდან: აქვსენტი მეგრელიძეს, ნატალია ნაცვლიშვილს, თინათინ ვადაჭკორიას, ლამარა თაქთაქიშვილს; ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლიდან: ნადეჟდა ხუციშვილს, ნინა დიდებულიძეს, მარგალიტა ზერცალოვას; თბილისის სამხატვრო სასწავლებლიდან:
ნოდარ მუმლაძეს, ნათელა მაყაშვილს.
შეხვედრის მსვლელობისას გაიმართება ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეთა შემოქმედების ამსახველი ფოტოექსპოზიცია, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და თბილისის # 1 და # 2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეთა კონცერტი.