ჰენდფორდის კომპლექსში, რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარეობს და რადიოაქტიული ნივთიერებები ინახება, ექვსი მიწისქვეშა რეზერვუარიდან გაჟონვა დაფიქსირდა. შტატის გუბერნატორმა ჯეი ინსლიმ სიტუაციას საგანგაშო უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ის ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
გასულ კვირას იუწყებოდნენ, რომ ბირთვული ნივთიერებების გაჟონვა საცავის მხოლოდ ერთი რეზევუარიდან დაფიქსირდა. სპეციალისტების ინფორმაციით, დაბინძურებული სითხე, რომელიც ობიექტიდან იღვრება, საფრთხეს უქმნის გრუნტის წყლებს და მდინარეებს. „ეს საგანგაშო სიახლეა ჩვენი შტატის ყველა მცხოვრებისათვის. ვფიქრობ, ახლო კვირებში დიდი და სერიოზული მუშაობა მოგვიწევს", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა. თუმცა, გუბერნატორი ირწმუნება, რომ ვიდრე ნივთიერებები გრუნტის წყალში მოხვდება, დრო სჭირდება და მანამდე ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს.
სიტუაციის კონტროლი თავის თავზე ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა ხელისუფლებამ აიღო. ჰენფორდში ბირთვული კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო. სწორედ აქ აწამოებდნენ პლუტონს ბირთვული ბომბისათვის „მსუქანი", რომელიც 1945 წლის აგვისტოში იაპონურ ქალაქ ნაგასაკში ჩამოაგდეს. პლუტონის წარმოება ჰენფორდის რეაქტორზე 40 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. „ცივი ომის" დასრულების შემდეგ, კომპლექსი ექსპლუატაციიდან გამოვიდა, მაგრამ მის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით მაღალაქტიური ბირთვული ნარჩენები დარჩა.
ამ დროისათვის, ჰენფორდის საცავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მსხვილ რადიოაქტიური ნივთიერებების საცავად ითვლება. მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე 177 რეზერვუარია განთავსებული, სადაც 200 მილიონი ლიტრი ბირთვული საწვავი ინახება. საცავის ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოწურულია. ფედერალური ხელისუფლება ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარს საცავის ტერიტორიის გაწმენდაზე ხარჯავს. ახლო მომავალში კი, ამ თანხის 3,5 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.