უმაღლესი რადას დეპუტატის, ევგენი შჩერბანის მკვლელობის გამოძიება დასრულებულია. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ პშონკამ განაცხადა. გამოძიების მიხედვით, მკვლელობის შემკვეთები იყვნენ იულია ტიმოშენკო და პაველ ლაზარენკო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაზარენკომ დანაშაულებრივ ჯგუფს 500 ათასი დოლარი გადაუხადა, ხოლო ტიმოშენკომ 2,3 მილიონი დოლარი. ისინი პირადად ხვდებოდნენ დამნაშავეთა ჯგუფის ლიდერებს და მათთან მოლაპარაკებებს მართავდნენ, მკვლელობის მოტივი კი ბიზნეს-ინტერესები იყო.
იმ ბრალდებების გარდა, რომელიც ტიმოშენკოს აქვს წაყენებული, ამ ახალი ბრალდების დამატების შემდეგ, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამუდამო პატიმრობა ელის. ტიმოშენკოს ადვოკატი ყველა ბრალდებას უარყოფს და დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.