16-17 თებერვალს, თბილისში ვესტმინსტერის კონსორციუმის პროგრამის ფარგლებში სემინარი გაიმართება.
"თანამედროვე დემოკრატიული პარლამენტის საქმიანობა", - ამ სახელწოდების ორდღიანი სემინარი სამშაბათს გაიხსნება და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის.
სემინარის ფორმატი ითვალისწინებს თემატურ დისკუსიებს ბრიტანელ და ქართველ პარლამენტარებს შორის. პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საპარლამენტო საქმიანობა, ფინანსური ზედამხედველობა, საკომიტეტო საქმიანობა, პარლამენტის წევრის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ურთიერთობა მედიასთან და სამოქალაქო
საზოგადოებასთან.
სემინარის მონაწილეებს ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში არსებული გამოცდილების ურთიერთგაზიარების საშუალება მიეცემათ. სემინარს ასევე დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ ვესტმინსტერის კონსორციუმის საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცების ოთხწლიანი პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო, ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულების მხარდაჭერას მათი ეფექტიანი საქმიანობის განმტკიცების გზით. ამასთანავე, პროგრამა ითვალისწინებს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების განმტკიცებას, რათა მათ შესძლონ სამუშაო პროცესში პარლამენტის წევრებისთვის პროფესიონალურ დონეზე დახმარების გაწევა. პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს ტრენინგებს და სემინარებს, მივლინებებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, პარლამენტარების გაცვლით ვიზიტებს და ა.შ. პარლამენტებისა და დემოკრატიის ვესტმინსტერის კონსორციუმი (The Westminster Consortium for Parliaments and Democracy), რომელსაც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ხელმძღვანელობს, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) მმართველობისა და გამჭვირვალობის ფონდის (Governance and Transparency Fund) მხარდაჭერით საპარლამენტო განმტკიცების პროგრამას მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში - საქართველო, უკრაინა, ლიბანი, უგანდა და მოზამბიკი - ახორციელებს. კონსორციუმი რამდენიმე ორგანიზაციას აერთიანებს, რომელთა ერთობლივი საქმიანობა მიმართულია საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებისკენ. აღნიშნული საქმიანობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: საპარლამენტო პროცესი და მართვა, ფინანსური ზედამხედველობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა. კონსორციუმის წევრები არიან: თანამეგობრობის საპარლამენტო ასოციაციიის დიდი ბრიტანეთის ფილიალი, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ოფისის ბრიტანეთის განყოფილება, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაცია, ეროვნული აუდიტორული ოფისი, ტომსონ როიტერის ფონდი, ესსექსის უნივერსიტეტის დემოკრატიული მმართველობის ცენტრი, ნებაყოფლობით ორგანიზაციათა საბჭო (მხოლოდ უკრაინის პროგრამასთან მიმართებაში).
საქართველოში კონსორციუმის პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც მის განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ეხება როგორც სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ისე პროგრამის ყველა მიმართულებით პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრეინინგის ჩატარებას. ადგილობრივი პარტნიორები არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტი.
ცნობისთვის: ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი დიდ ბრიტანეთში არსებული ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. ფონდი 1992 წელს, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტი დაარსდა და მას საგარეო და თანამეგობრობის ოფისი აფინანსებს.
ფონდის საქმიანობის სფეროს საპარლამენტო განმტკიცება და პოლიტიკურ პარტიათა განვითარება წარმოადგენს.