საია-ს შეფასებით, პროკურატურისა და მედია-საშუალებების მიერ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა მოხდა. ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ასოციაცია მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 14 იანვარს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-მასალების გავრცელების ფაქტს ეხმაურება.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის ჩაწერა, შეგროვება და შენახვა, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, აშკარად გაუმართლებელი და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაა. ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ამ ჩანაწერთა გამოყენებით პირთა იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს გარკვეული მოქმედებები. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავს ქმედებებს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირის ორგანიზებით ხდებოდა. ამასთან, მედია-საშუალებებით გავრცელდა პროკურატურის მიერ მიწოდებული ფარული ჩანაწერების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც ცალკეულ მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირის კადრებს ასახავს. ვიდეო მასალაში გამოყენებულია გადაფარვის საშუალებები ვინაობის გამჟღავნებისგან პირთა დაცვის მიზნით, თუმცა, ზოგიერთ კადრში შესაძლებელი ხდება პირთა იდენტიფიცირება, მათ შორის, თმის ფერის, ტანსაცმლის, აღნაგობის მეშვეობით. საია-ს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვიდეო მასალის ამ ფორმით გავრცელება, პირადი ცხოვრების დაცვისთვის აუცილებელი წინდახედულობის მოთხოვნის დარღვევაა, რაც ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის. საია-ს შეფასებით, მიმდინარე გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ინტიმურ პირად ცხოვრებას მიკუთვნებული ინფორმაციის გავრცელება არ იყო პროპორციული საშუალება ამ ინტერესის დაკმაყოფილებისთვის. აღნიშნული ვიდეო მასალის, როგორც მტკიცებულების გავრცელება არ იყო ყველაზე რელევანტური საშუალება საზოგადოებისთვის გამოსაძიებელ ქმედებაში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის ჩვენებისთვის და ის სხვა ფორმითაც შეიძლებოდა განხორციელებულიყო. საია უთითებს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლგბტ პირთა ჯგუფი მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება და მათ მიმართ საზოგადოებაში აშკარად გამოხატული არატოლერანტული დამოკიდებულებები არსებობს, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, მათი უფლებების დაცვის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და სექსუალური უმცირესობების მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებების პრევენციისთვის ყველაფერი გააკეთოს", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ამასთან, საია აღნიშნავს, რომ მედია-საშუალებების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფორმით გავრცელება, არ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს შეესაბამება.
საია მედია-საშუალებებს მოუწოდებს, აღნიშნული ვიდეო მასალის გავრცელდება შეაჩერონ და მომავალში არ დაუშვან მსგავსი ფორმით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელება საზოგადოებაში.
ამასთან, საია მზადყოფნას გამოთქვამს, იმ პირებს, რომელთა იდენტიფიცირება გავრცელებული ვიდეო-მასალით შესაძლებელი გახდა, შესაბამისი იურიდიული მომსახურება აღმოუჩინოს (ანონიმურობის სრული დაცვით) და მათ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.