Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას პირდაპირ რუსეთს დააკისრებს და საპასუხოდ სანქციების დაწესებას გეგმავს.
გამოცემის ცნობით, მერცი რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ განცხადებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონი გამოჩნდა. პარალელურად, ევროკავშირში სანქციების მორიგი პაკეტიც მზადდება.
სავარაუდოდ, ბერლინის განცხადება მომავალი კვირის დასაწყისში გაკეთდება - იმავე პერიოდში, როდესაც ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. თუმცა, კანცლერმა შესაძლოა განცხადება უფრო ადრეც გააკეთოს.
გამოცემის ორმა წყაროს გერმანიის კაცლერის დაგეგმილი განცხადებები “Zeitwende 2.0”-ს შეადარეს და 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კანცლერ ოლაფ შოლცის გამოცადებული “გარდამტეხი მომენტი გაიხსენეს”.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ასეთი სერიოზული ინციდენტის შემდეგ ცალკეული რუსი დიპლომატების გაძევება ან ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა საკმარისი აღარ იქნება. საპასუხო ზომა სანქციების რეალურ გამკაცრებას ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო გაზრდას უნდა ითვალისწინებდეს.
სამშაბათს მერცმა უკვე განაცხადა, რომ ლაიფციგში მომხდარ ინციდენტს სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა, თუმცა პასუხისმგებელი მხარე არ დაუსახელებია.
4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილი აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. თვითმფრინავი სამხედრო ტვირთების გადასაზიდად გამოიყენებოდა.
მედიის ინფორმაციით, გერმანიის სპეცსამსახურებს თითქმის არ ეპარებათ ეჭვი, რომ ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ინციდენტის უკან მოსკოვი დგას. თუმცა, ოფიციალურად გერმანიას რუსეთისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არ დაუკისრებია.