ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრო ელინა ვალტონენი კიევის ოლქის ბუჩის რაიონზე რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა, რომელსაც, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა.
ვალტონენის განცხადებით, მომხდარი საშინლად გვახსენებს 2022 წლის მარტსა და ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას.
"კიდევ ერთხელ გავიღვიძეთ უკრაინაში რუსეთის დარტყმების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ ცნობით - ამჯერად ბუჩაში.
ეს საშინლად გვახსენებს 2022 წლის მარტსა და ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას.
ოთხი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთი არ შეცვლილა. ის კვლავ მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერორისა და ძალადობის გზით ომის მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას ცდილობს.
ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს დაახლოებით 20:10-ზე, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში, რუსეთის დრონი ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა.
ამის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და დაიწყო დეტონაცია.
უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს, რა მასალები და ნივთიერებები ინახებოდა საწარმოს ტერიტორიაზე, მათ შორის იყო თუ არა იქ კანონიერად განთავსებული ფეთქებადი ნივთიერება და მასალები, არსებობდა თუ არა შესაბამისი ნებართვები და ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 37 ადამიანი. დაშავებულია კიდევ 42. განხორციელდა. 381 ადამიანის, მათ შორის 59 ბავშვის ევაკუაცია.