უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ოლქის ბუჩის რაიონის სოფელ მილაში რუსული დრონის დარტყმისა და საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად დაღუპული 37 ადამიანიდან უმეტესობა ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადარი იყო.
მაშველების ცნობით, თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ხანდაზმულთა პანსიონატი დაზიანდა და იქ მცხოვრები სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამ დროისთვის 27 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. კიდევ 10 შემთხვევა დაუდასტურებელია, რადგან რუსეთის თავდასხმის ადგილზე ადამიანის ცხედრების ნაშთებია აღმოჩენილი.
დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მხოლოდ მათი იდენტიფიცირების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მედიის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ხანდაზმულთა პანსიონატი დაზიანდა და დაღუპულთა უმეტესობაც სწორედ ამ კერძო პანსიონატის მცხოვრებლები არიან.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს დაახლოებით 20:10-ზე, ბუჩის რაიონის სოფელ მილაში, რუსეთის დრონი ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა.
ამის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და დაიწყო დეტონაცია.
უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს, რა მასალები და ნივთიერებები ინახებოდა საწარმოს ტერიტორიაზე, მათ შორის იყო თუ არა იქ კანონიერად განთავსებული ფეთქებადი ნივთიერება და მასალები, არსებობდა თუ არა შესაბამისი ნებართვები და ვინ მიიღო ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 37 ადამიანი. დაშავებულია კიდევ 42. განხორციელდა. 381 ადამიანის, მათ შორის 59 ბავშვის ევაკუაცია.