რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ფოთელი პატიმრის თემურ კორტავას ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს.
კორტავას ამნისტია შეეხო და მას საპყრობილე უნდა დაეტოვებინა.
ოჯახის წევრების განცხადებით, 2010 წლიდან გარდაცვლილი სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა, სადაც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ, იმავე წელს მოხდა კორტავას რუსთავის ციხეში გადაყვანა. ოჯახმა ბათუმის ციხეში კორტავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა.
თემურ კორტავა მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება სასჯელაღსრულების სამინისტრომაც გაავრცელა.
სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 24 დეკემბერს, 15:45 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში დაფიქსირდა სავარაუდო სუიციდის შემთხვევა. ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა პირველი ახალი სარეჟიმო კორპუსის მე-4 საკანში ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პატიმარი სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.