2010 წლის ბოლომდე საქართველოში ინტერნეტით 1284 სკოლა იქნება უზრუნველყოფილი.
სასწავლო დაწესებულებების ინტერნეტიზაციის პროცესი დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძემ შეაჯამა.
სეფერთელაძის განმარტებით, წლის ბოლომდე ინტერნეტით სარგებლობა სკოლების 75 %-ს შეეძლება.
"2011 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე ინტერნეტში 2 400-ვე სკოლა იქნება ჩართული, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საგანმანათლებლო პროგრამები გავცვალოთ სკოლებსა და რესურსცენტრებთან. ამასთან, როგორც ცნობილია, სკოლებში ინფორმატიკის სწავლების გაძლიერებასაც ვგეგმავთ, ეს კი მაღალი ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა სეფერთელაძემ.
სასწავლო დაწესებულებებში ინტერნეტიზაციის პროცესი 2011 წელს დასრულდება.