შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს. ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.