სირიის მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტი არ მუშაობს. მისი გათიშვა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, სირიის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ფიჭურ კავშირგაბმულობასთანაც ექმნება.
ხელისუფლება, ოპოზიციის ხელის შეშლის მიზნით, აქამდეც თიშავდა ინტერნეტს და ფიჭურ კავშირს იმ ტერიტორიებში, სადაც ბაშარ ასადის არმია მსხვილმასშტაბიან სპეცოპერაციებს ატარებდა. თუმცა, ამჯერად, სირიის ინფორმაციის მინისტრმა, ომრან აზ-ზუაბიმ ინტერნეტის გათიშვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოაცხადა, მაგრამ ინტერნეტის გათიშვა ოპოზიციას დააბრალა. „ამ ტერორისტებმა ინტერნეტ-კაბელები გადაჭრეს" - განაცხადა მინისტრმა, სახელმწიფო ტელეარხის ეთერით გამოსვლისას.
შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში, სახელისუფლო ძალებსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სხვადასხვა მონაცემებით, ამ დრომდე 20-30 ათასი ადამიანია დაღუპული ორივე მხრიდან. ოპოზიციას ბაშარ ასადის გადადგომას ითხოვს, თავად ასადი კი პოსტზე უარის თქმას არ აპირებს, რადგან, მისი გაცხადებით, მას „ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს და ამბოხებულები ხელისუფლებას უცხოური შეთქმულების შედეგად ებრძვიან, რომელთაც მიზნად სირიის განადგურება აქვთ დასახული".