მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნააგიინ ხურელსუხმა სამშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს. ამის მიზეზი ოპოზიციური პარტიის ბრალდება გახდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა ფინანსური სარგებელი მიიღო სამთავრობო სარკინიგზო პროექტიდან.
თავის განცხადებაში ხურელსუხმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გარკვეული კრიმინალური დაჯგუფებები მონღოლეთის პრეზიდენტის ღირსებასა და ინსტიტუტს თავს ესხმოდნენ და მის რეპუტაციას ლახავდნენ.
მისი თქმით, მონღოლეთის პრეზიდენტი ხალხის ერთიანობის სიმბოლოა, ამასთანავე, ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია.
„პრეზიდენტის ღირსებაზე თავდასხმა ხალხის ღირსებაზე თავდასხმას ნიშნავს. წარმოუდგენლად მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით ცილი დამწამეს და შეურაცხყოფა მომაყენეს. გარკვეული დროის განმავლობაში ვდუმდი და მოვლენებს ვაკვირდებოდი. თუმცა, როგორც პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირმა, დღეს განცხადების გაკეთება გადავწყვიტე. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გუშინ დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ გამოხატა პოზიცია, რომ მონღოლეთის პრეზიდენტი უნდა გადადგეს და გამოძიება ჩატარდეს. მე ამას ვეთანხმები“, - განაცხადა უხნააგიინ ხურელსუხმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი რეპუტაციის შემლახველი პირები პასუხისგებაში მიეცემიან და საკუთარ ღირსებას აღიდგენს.
ხურელსუხმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
16 ნოემბერს მონღოლეთის პარლამენტის ოპოზიციამ პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვა.
გამოძიების მიზნით, დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა შესთავაზეს. ინიციატივას მხარი 42-მა პარლამენტარმა დაუჭირა. მათ ასევე მოითხოვეს მონღოლეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყველა რეკომენდაციის გასაჯაროება, რომლებიც 2019 წლიდან დღემდე საიდუმლოდ არის მიჩნეული.
რამდენიმე დღის წინ ულან-ბატორის ყოფილმა მერმა, ხ. ნიამბაატარმა, პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, რომ ქრთამის მიმღებთა შორის პრეზიდენტი ხურელსუხიც იყო.
ბრალდებები უკავშირდება ტავან-ტოლგოი–გაშუნსუხაიტის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საიდუმლო ტენდერს, რომლის გამარჯვებულიც კომპანია Bodi Group გახდა. სავარაუდოდ, პოლიტიკოსებს ჯამში 110 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი უნდა მიეღოთ.
უხნააგიინ ხურელსუხი მონღოლეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წლის 21 ივნისიდან იკავებდა.