მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სხვა კანდიდატ ქვეყნებს არ ეჯიბრება. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა.
სანდუს თქმით, მოლდოვას ძალიან სურს, რომ უკრაინამ განვითარება განაგრძოს და ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ჩვენ არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ ვეჯიბრებით. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრებით. ძალიან გვინდა, რომ უკრაინა განვითარდეს და ევროკავშირის წევრი გახდეს. შესანიშნავი იქნებოდა, ევროკავშირის წევრი და ნატო-ს ქვეყნები გვერტყას გარშემო. გვესმის, რამდენად რთულია უკრაინისთვის რეფორმების გატარება მაშინ, როდესაც რუსეთი მას ყოველდღე და ყოველ ღამე უტევს“, - განაცხადა სანდუმ.
ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე გავლენის მოხდენა ქვეყნის ხელისუფლებას თავად შეუძლია.
„გვინდა, მოლდოვა თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს. სწორედ ამას ნიშნავს ჩვენთვის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს ნიშნავს, რომ მშვიდობის პროექტის - ევროკავშირის - ნაწილი ვხდებით და ჩვენი დემოკრატიის გაძლიერების შესაძლებლობა გვეძლევა. ამ გზით მოლდოვას უკრაინის მეგობარ ქვეყნადაც ვინარჩუნებთ.
აშკარაა, რომ რუსეთს სურს, მოლდოვა უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნად აქციოს, ბელარუსის მსგავსად. ეს პრობლემა იქნებოდა უკრაინისთვის, რომელთანაც 1 200-კილომეტრიანი საერთო საზღვარი გვაქვს, ასევე რეგიონის ევროკავშირის ქვეყნებისთვის“, - დასძინა სანდუმ.