ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გამართონ. მისი თქმით, ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებების პასუხისმგებლობა აშშ-ის ადმინისტრაციას ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში გადააბარა, რაც უპასუხისმგებლო მიდგომა იყო.
ამის შესახებ სტუბმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტუბმა, რომელიც გასულ თვეში პუტინს ტელეფონით ესაუბრა, აღნიშნა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები აღიარებას იმსახურებენ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების განახლებისა და მომავალ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი სხვებს გადავულოცეთ და მიმაჩნია, რომ ეს უპასუხისმგებლო იყო. ახლა, როდესაც გარკვეული ჩარჩოები გვაქვს, ვფიქრობ, ევროპელმა ლიდერებმა პუტინთან პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყარონ, მას ერთიანი გზავნილი მიაწოდონ და საერთო პოზიციები შეინარჩუნონ“, - განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპა გზაგასაყარზეა: მან უნდა აირჩიოს 1945 წლის იალტის შეთანხმების გამეორება, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა საბჭოთა გავლენის სფეროში მოაქცია, თუ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებების გზა, რომელმაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა შეამცირა და ხელი შეუწყო ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვას.
კითხვაზე, მიეკუთვნება თუ არა აშშ იალტის შეთანხმების მხარდამჭერთა ბანაკს, სტუბმა უპასუხა: "იმედია არა".