თბილისის მეტროდან 41 მილიონ ლარზე მეტის სავარაუდო მითვისების საქმეში დედაქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე ასეთი მასშტაბის კორუფციული სქემის არსებობა წარმოუდგენელია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაშინ როდესაც პროკურატურის ინფორმაციით, 2017–2024 წლებში ჩატარებული 27 ტენდერის ფარგლებში თანხების სავარაუდო მითვისებისთვის ოთხი პირია დაკავებული.
"როგორ შეიძლება, რომ 41 მლნ მოიპაროს გაურკვეველმა ხალხმა, რომელთა სახელიც და გვარიც ოჯახის წევრების გარდა არავის არაფერს ეუბნება, ასეთმა ადამიანებმა 41 მლნ ლარი მოიპარონ უწყებიდან, რომელიც არის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში. რომელიმე თქვენს მაყურებელს შეიძლება, ამის სჯეროდეს, რომ არ ურევია მერიის მაღალჩინოსნების და თავად მერის ხელი ასეთი მასშტაბის ამბავში? ეს ხომ არ არის რაღაც 1 მლნ-ის, 100 ათასის გადაცდომა? როგორ შეიძლება, რომ ბაღებში ბავშვებს საჭმელს ჰპარავდა მისი დაქვემდებარებული პირი - მას ეს არ ეხება? როგორ შეიძლება, ახლა, მეტროს ვაგონები ვისაც უნდა გაეკეთებინა, თურმე გვერდზე ათობით მილიონს "ღუნავდა"? როგორ შეიძლება, რომ აქ კალაძის ხელი არ იყოს? შეუძლებელია! მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილავთ აბსოლუტურ იდიოტიზმს და აბსურდს, როდესაც დაუსჯელი იქნება კალაძე. კალაძე იქნება დაუსჯელი მანამ, სანამ ბატონი ასე გადაწყვეტს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’' დირექტორი - გელა ძიძიკაშვილი დააკავა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.