ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სამოქალაქო რეესტრის მიერ გადაცემულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ბაზის სტატისტიკური მონაცემების განხილვა მოხდა.
მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გამართა. შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანონის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 თებერვლისთვის გადასცა საქართველოში რეგისტრირებულ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც საარჩევნო უფლებებით სარგებლობენ.
ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებისა და დამატებების შესაბამისად (კერძოდ, მისი მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად), სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, წელიწადში ოთხჯერ - ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ (მათ შორის პირები ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, ასევე ინფორმაცია გარდაცვალებულთა შესახებ), განახლებული ან ახალი მონაცემები გადასცეს ცესკოს. რომელიც ამ ინფორმაციას იყენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაახლებლად.
როგორც სამუშაო შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეს განიხილებოდა ის საკითხები, თუ რისგან შედგება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზა და რის საფუძველზე მოხდა მონაცემთა გაზრდა.
მისი თქმით, პირველ რიგში ცესკოს გადაეცა იმ მოქალაქეთა მონაცემები, რომელთაც არჩევნების დღის ჩათვლით უსრულდებათ 18 წელი.
`აღსანიშნავია, რომ 1991-1992 წლებში გაცილებით მეტი ადამიანი დაიბადა საქართველოში, ვიდრე გარდაიცვალა 2008-2009 წელს, შესაბამისად ამ პროპორციული სხვაობით გაიზარდა ბაზის მონაცემები~, _ განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, 54 000 ადამიანს, რომელთაც არასოდეს გააჩნდათ პირადობის მოწმობა, ორი წლის განმავლობაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებმა სხვადასხვა სოფლებში, ადგილზე მუშაობის პრინციპით, დაუდგინეს იურიდიული ფაქტები და გადასცეს პირადობის მოწმობები.
`თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა ჰქონდა, ყველა მათგანის შეკითხვას ვუპასუხეთ. აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე. გარდა ამისა, თუ ვინმეს დამატებითი მონაცემების მიღების სურვილი ექნება, მე პირადად მზად ვარ, ყველა შეკითხვას გავცე პასუხი,~-განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე სამოქალაქო რეესტრმა წარმოადგინა მონაცემთა ბაზის ფორმირების ის დინამიკა, რომელიც წინა არჩევნების შემდგომ პერიოდში გამოიკვეთა. ცესკომ კი თავის მხრივ, განმარტა პროცესი თუ როგორ ხდება ბაზის გადმოცემის შემდეგ საარჩევნო სიის ფორმირება.
`ჩვენ უკვე ვასრულებთ სიების ფორმირებას, ხვალ 17.00 საათიდან ნებისმიერ მსურველს შეგვიძლია გადავცეთ 1 თებერვლის მონაცემების მდგომარეობით მომზადებული სიის ელექტრონული ვერსია,~-განაცხადა ხარატიშვილმა.