ხვალ, 23 ნოემბერს, 13:00 საათზე, 200-ზე მეტი გაფიცული მეშახტე პრეზიდენტის ავლაბრის ადმინისტრაციასთან შეიკრიბება და ვარდების რევოლუციის 9 წლისთავს მკვეთრი პროტესტით "მიულოცავს" საქართველოს პრეზიდენტს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მეშახტეები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლებასთან შეზრდილ-შეხმატკბილებული "GIG" ჯგუფი, რომელიც ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიაა, ცდილობს სამაგალითოდ დასაჯოს ტყიბულელები, რადგან მათ საპარლამენტო არჩევნებში - ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს. კომპანიის ადმინისტრაციამ, შეგნებულად დახურა ძიძიგურის სახელობის შახტა იმ მოტივით, რომ შრომის უსაფრთხოების პირობები იქ არადამაკმაყოფილებელია და დასაქმებულების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს მაშინ, როცა წლების განმავლობაში ადმინისტრაციის დაუდევრობის შედეგად, შახტებში უბედური შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი არნახულად გაიზარდა.
კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებას, მომაკვდინებელი ეფექტი შესაძლოა ჰქონდეს ქალაქ ტყიბულისთვის, რადგან 380 მეშახტე სამსახურის, ხოლო მათი ოჯახები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება.
მეშახტეები აცხადებენ, რომ უკვე დროა პრეზიდენტმა მის მიერ ხელდასმულ ბიზნესმენებს შეახსენოს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და მოუწოდოს მათ ხელი აიღონ შახტის დახურვაზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მის წევრ დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად სრულ სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ მეშახტეებს და მათ სამართლიან პროტესტს უერთდება.
პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლებასთან სიმბიოზურ მდგომარეობაში მყოფმა ბიზნესმენებმა უნდა შეწყვიტონ სოცილაური მღელვარების ხელოვნური შექმნა, განთავისუფლდნენ წარსული მენტალიტეტისგან და დასაქმებულებთან სოციალური დიალოგის ცივილიზებული ფორმებით განაგრძონ ურთიერთობები.