საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაიფიცა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა გაიხსენა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა მაია ფანჯიკიძესთან და სწორედ მისგან შეიტყო მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა.
"თურმე დილით იყო ჩამოსული, მაგრამ ჩვენ საღამოს გავიგეთ. ეს ჩემს პლიუსებში არ შედის და ეს ჩემთვის დიდი მინუსია, მაგრამ მე არანაირად ამის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე მინისტრი მეგობრობდა ან ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ცენტრალიზებულად ამაზე ინფორმაცია არ ყოფილა", _ განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმითმ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ პოლიტპატიმრების იმ სიაში რომელიც პარლამენტში მუშავდება ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურაც არის შეტანილი.
"186 კაცი წუხელ უნდა შეთანხმებულიყო. წუხელ გვიან ღამით უსუფაშვილმა დამირეკა რაღაც შეუთანხმებლობა იყო და მე ვუთხარი მას, რომ მე ამაში არ ჩავერევი და თავად მიხედეთ-თქო", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა რომ შემდეგი განხილვა 5 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.
საქართველოს პრემიერი განმარტავს, რომ ეს პროცესები არ უნდა იყოს პოლიტიკური და უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი. ივანიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ის აღნიშნული მიმართულებით ჩარევას არ აპირებს.