სტამბულში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ექვსი ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ ამ ქალაქში 2011 წლის 16 სექტემბერს ჩეჩენი ლტოლვილების მკვლელობა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული მკვლელობების უკან რუსეთის სპეცსამსახურების ე.წ. ბერლინური ჯგუფი დგას.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის მთავარი ფიგურა რუსლან პაპასკირია, ზედმეტსახელად "ზონა", რომელსაც, თურქული გამოძიების ინფორმაციით, ხელზე საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოჩნდა.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ პაპასკირმა განახორციელა ე.წ. საკონტროლო გასროლები ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ. პაპასკირი ასევე ეჭვმიტანილია ჩეჩნების - ალი ოსაევისა (2009 წელს ) და ისმაილ (2008 წელს) ჯანიბეკოვის მკვლელობებში.
თურქული მედია ასევე იუწყება, რომ "ზონა" დაკითხულია ყველა ზემოთმოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ის კითხვებზე არ პასუხობს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.